English / ქართული / русский /
ნანა მენაბდიშვილი
საკუთარი ოჯახის ეკონომიკური შესაძლებლობების თვითშეფასება

ანოტაცია. ოჯახის კეთილდღეობის განმსაზღვრელ ფაქტორებს შორის ეკონომიკური და ემოციური ფაქტორები მნიშვნელოვან როლს თამაშობს და მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული. წარმოდგენილი ნაშრომი ემყარება სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგებს და მოცემულია საკუთრი ოჯახების ეკონომიკური შესაძლებლობების შეფასება რესპონდენტთა მხრიდან. შეფასებები გაკეთებულია მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების და ოჯახური ურთიერთობების კუთხით. 

საკვანძო სიტყვები: ოჯახის კეთილდღეობა, ოჯახის შემოსავლები, ოჯახის წევრთა მოთხოვნილებები.

შესავალი

ჩვენს ქვეყანაში გასული საუკუნის ბოლოდან მოყოლებული, მნიშვნელოვანი სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებები განხორციელდა, რომლებმაც, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ თითქმის ძირეულად შეცვალა ადამიანთა ცხოვრების წესი. მნიშვნელოვნად მოიშალა ამ დრომდე ოფიციალურად აღიარებული ღირებულებათა სისტემა და ქცევის ნორმები. საგრძნობლად გაიზარდა ქალებისა და ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური აქტივობა. ქვეყანაში უმუშევრობის ზრდამ ჩვეულებრივ მოვლენად აქცია უცხოეთში გაურკვეველი ვადით სამუშაოდ წასვლა. ამ ცვლილებებმა გავლენა იქონია ოჯახზე. კერძოდ, ოჯახის წევრთა შორის სტატუს-როლურ განაწილებაზე, მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მიმდინარე ცვლილებების ფონზე მეტად მნიშვნელოვანია მოქალაქეების სოციალურ სინამდვილესთან შეგუება. ეს უკანასკნელი გულისხმობს საზოგადოების მზაობას, მიიღოს საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებები, დადებითად შეაფასოს საკუთარი ეკონომიკური, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური მდგომარეობა და ოპტიმისტურად იყოს განწყობილი მომავლის მიმართ. როგორია ოჯახების შემოსავლები, რამდენად კმაყოფილია მოსახლეობა თავისი მატერიალური მდგომარეობით, ექმნებათ თუ არა ამ მხრივ პრობლემები ოჯახურ ურთიერთობებში და ხელს უშლით თუ არა ახალგაზრდებს ეკონომიკური მდგომარეობა ოჯახის შექმნაში. ამ საკითხებს განვიხილავთ სოციოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე, რომელიც ჩატარდა დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის მიერ. შემთხვევითი შერჩევის გზით გამოიკითხა 1500 ოჯახი. 

***

ოჯახის კეთილდღეობის განსაზღვრის სხვადასხვა ფაქტორი არსებობს. მათ შორის ერთ-ერთია ეკონომიკური სფერო. ის არცთუ მცირე როლს ასრულებს მეუღლეთა (ოჯახის წევრთა) ემოციურ ურთიერთობებში. ადამიანთა საზოგადოების საწყის ეტაპზე უმთავრეს მოთხოვნილებად მატერიალური მოთხოვნილებები რჩება. ეს მოთხოვნილებები უსაზღვროა და გამოხატავს ადამიანის სურვილს, შეიძინოს და გამოიყენოს საქონელი და მომსახურება, რომელიც მისთვის აუცილებელი და სასარგებლოა. ნებისმიერი ოჯახის წინაშე დგას ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრის საკითხი, როგორიცაა: საზოგადოებრივი წარმოების მომხმარებლობა; ოჯახის მატერიალურ-მომხმარებლური და სამეურნეო საკითხების ორგანიზება; ოჯახის წევრთა სხვადასხვა სახის მოთხოვნილებების დამაკმაყოფილებელი ეკონომიკური საფუძვლების შექმნა; საბინაო საკითხების უზრუნველყოფა; შთამომავლობის მემკვიდრეობით უზრუნველყოფა; კაპიტალის დაგროვება და წარმოება. ყოველი ოჯახი თავისი ინდივიდუალობის გამო ამ საკითხების გადაჭრას განსხვავებულად ახერხებს.

 ეკონომისტი იორამ ბენ პორატი (1937-1992), რომელიც მოღვაწეობდა იერუსალიმის ევროპულ უნივერსიტეტში, თვლიდა, რომ კეთილდღეობის ზრდა პირდაპირ უკავშირდება ინდივიდუალური ოჯახების გაფართოებას. მისი აზრით, თანამედროვე ოჯახი სპეციალიზებულია უპირატესად ემოციურ ურთიერთობებსა და ერთობლივ მოხმარებაზე. ოჯახის კეთილდღეობა კი უკავშირდება მისი თითოეული წევრის კეთილდღეობის გარანტიებს, უფრო მაღალ დონეზე ვიდრე ეს მათ ექნებოდათ ოჯახის გარეშე. ეკონომიკური სარგებლობა და ემოციური ურთიერთობები ჴ ეს არის ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უდიდეს როლს თამაშობს ოჯახების უმრავლესობაში [Егорова Н. Ю. //http//lib.sale/].

ისეთი ფაქტორები, როგორიცაა შემოსავალი, საბინაო საკითხები, სამსახური მნიშვნელოვან როლს ასრულებს ოჯახის შექმნაში. ბოლო პერიოდში, საქართველოში საქორწილო ასაკი გაიზარდა. ახალგაზრდები არ ჩქარობენ ოჯახის შექმნას. მათთვის პრიორიტეტი ჯერ საკუთარი მატერიალური კეთილდღობის მოწყობაა. სოციოლოგიური გამოკვლევებით, რომლებიც ბოლო წლებში ჩაატარა დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტმა სტუდენტებში, გამოიკვეთა, რომ ახალგაზრდების ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებათა სისტემაში პირველი ადგილი უკავია მატერიალურ კეთილდღობას და მას შემდეგ ოჯახის შექმნას. ამ მხრივ ისინი განსხვავდებიან წინა თაობებისაგან, რადგან მათთან მნიშვნელოვან ღირებულებათა ერთობლიობაში პირველ ადგილს ყოველთვის ოჯახი იკავებდა.

ჩვენი ინსტიტუტის მიერ ოჯახის ტრანსფორმაციის საკითხებზე ჩატარებულ სოციოლოგიურ გამოკვლევაში რესპონდენტთა 38% შეადგინა 18-34 წლის ასაკობრივი ჯგუფის ახალგაზრდებმა. მათგან 71% დასაოჯახებელია. დასაოჯახებელ ახალგაზრდათა 17,1%-ს კატეგორიულად აქვს გადაწყვეტილი უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში არ შექმნას ოჯახი. ამ უკანასკნელთ 3,3-ჯერ აღემატება იმ ახალგაზრდების რიცხვი, რომლებსაც არა აქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია. დასაოჯახებელ ახალგაზრდებს შორის ნახევარზე მეტია მამაკაცი (54,7%). მამაკაცთა 61,5% არ აპირებს დაოჯახებას. ამ ერთობლიობაში შედიან ისინი ვინც ზუსტად იცის, რომ უახლოეს ხუთ წელიწადში ცოლს არ შეირთავს და ისინი, ვისაც ჯერჯერობით არ აქვს გადაწყვეტილი როგორ მოიქცევა. ეს უკანასკნელი 4,8-ჯერ აღემატება იმ მამაკაცებს, რომლებიც არ აპირებენ მოცემულ პერიოდში დაოჯახებას.

რესპონდენტთა 43,2% საკუთარი ქორწინების გადავადებას ფინანსურ მდგომარეობას უკავშირებს, 39% სამუშაოს, ხოლო 33% საცხოვრებელ პირობებს. მამაკაცები განსაკუთრებით ამახვილებენ ყურადღებას ქორწინების გადავადების ფინანსურ მიზეზზე (62,9%), სამუშაოსა (60,2%) და საცხოვრებელ პირობებზე (46,9%), მაშინ როცა ქალი რესპონდენტების საკმაოდ დიდი ნაწილი (63,5%) მიიჩნევს, რომ ქორწინებამ მისი ფინანსური მდგომარეობა უნდა გააუმჯობესოს. გამოიკვეთა ვითარება, როცა მამაკაცს არ შეუძლია დაქორწინება ფინანსური მდგომარეობის გამო, ქალს კი მოლოდინი აქვს, რომ ქორწინებით ფინანსურ მდგომარეობას გაიუმჯობესებს. ამგვარი სიტუაცია ან ქორწინებას გაურკვეველი ვადით გადაავადებს, ან ოჯახის შექმნის შემდეგ წარმოშობს კონფლიქტებს მეუღლეებს შორის, რადგან მოლოდინების გამართლება ვერ მოხდება.

იმ ახალგაზრდა დაოჯახებულმა რესპონდენტებმა, რომლებიც ოჯახის შექმნის შემდეგ მშობლებთან ერთად ცხოვრობენ, დამოუკიდებლად ცხოვრების სურვილი გამოთქვეს, მაგრამ იმის გამო რომ მათ უმრავლესობას არ აქვთ შესაძლებლობა, ოჯახი ფინანსურად თვითონ უზრუნველყოს, ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გასვლას. დაოჯახებული რესპონდენტების მხოლოდ 27,1% აპირებს უახლოეს პერიოდში მშობლებისაგან ცალკე ცხოვრებას. ამასთან, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რესპონდენტთა 16,9%-ის აზრით, მშობლებისაგან დამოუკიდებლად მათი საცხოვრებლად გასვლა გააუარესებს მათ ფინანსურ მდგომარეობას.

ოჯახის წევრთა ფინანსური მდგომარეობა, სოციოლოგთა აზრით, განსაზღვრავს ძალაუფლების განაწილებას ოჯახში. რაც იმის მაჩვენებელია, რომ ოჯახის წევრები არა მხოლოდ მატერიალურად არიან დამოკიდებულნი ერთმანეთზე, არამედ უფლებრივადაც. გამოდის რომ, თუ ახალგაზრდები ოჯახის შექმნის შემდეგ მატერიალურად მშობლებზე არიან დამოკიდებულნი, მათ არ შეუძლიათ დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ოჯახი [მენაბდიშვილი ე., 2014: 121].

თანამედროვე ახალგაზრდები ხასიათდებიან, ერთი მხრივ, უფრო მაღლი მზადყოფნით ცხოვრებისეული ექსპერიმენტებისადმი, მეორე მხრივ, კი შეზღუდული ეკონომიკური დამოუკიდებლობით. ისინი იქცევიან მშობლების ნორმატიული წარმოდგენებისაგან დამოუკიდებლად, განსაკუთრებით სოციო-სექსუალურ სფეროში. სწორედ აქედან იღებს სათავეს კონფლიქტები თაობებს შორის [Зидер Райхард., 1997: 270-271].

ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას კარგად აჩვენებს მისი ყოველთვიური შემოსავალი. რესპონდენტთა ოჯახების საშუალო თვიური შემოსავალი სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით ასე გამოიყურება.

 

შემოსავლები ლარებში

100-მდე

101-200

201-300

301-400

401-500

501-1000

1001-2000

2001-3000

3001 და მეტი

არ უპასუხა

საშუალო თვიური შემოსავლის წილი (%)

3,14

9,16

11,39

9,32

12,29

31,44

15,92

4,29

1,24

1,82

ცხრილი 1. ოჯახების საშუალო თვიური შემოსავალი (%).

გამოკითხული ოჯახების უმრავლესობაში ოჯახის საშუალო თვიური შემოსავალი 501-დან 1000 ლარამდეა. ეს არის ზოგადი სურათი. ოჯახის შემოსავლების განსაზღვრაში დიდ როლს თამაშობს ოჯახის წევრთა შემადგენლობა. მეტი თვალსაჩინოებისათვის მონაცემები დავამუშავეთ ისეთი მაჩვენებლებით, როგორიცაა საშუალო და მედიანა. 

ოჯახის წევრთა რაოდენობა

საშუალო

მედიანა

1

574,0

300

2

772,8

500

3

810,8

500

4

877,7

600

5

973,3

700

6 და მეტი

1003,0

800

 

ცხრილი 2. ოჯახის საშუალო თვიური შემოსავლები ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით.

ოჯახის ნორმალური ყოფის და მრავალრიცხოვანი ფუნქციების შესასრულებლად აუცილებელია საოჯახო ბიუჯეტის რაციონალური მართვა, რომლის არსიც მდგომარეობს იმაში, რომ ოჯახის შემოსავლები დანახარჯებს თუ არ აღემატება, უნდა უტოლდებოდეს მაინც, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს მასზე ნაკლები. მნიშვნელოვანია, ნათლად დავინახოთ ოჯახში მოთხოვნილებების და შემოსავლების კონცენტრაციის შესაძლებლობები. ცალკეული ოჯახი, რა თქმა უნდა, თვითონ ირჩევს საოჯახო ბიუჯეტის მართვის მისთვის მისაღებ სტრატეგიას, სადაც უმთავრესი როლი დაგეგმვას ენიჭება. დაგეგმვა იწყება ოჯახის შემოსავლების შეფასებით და გასავლის ხარჯის გადათვლით. ამ უკანასკნელის გამოკლებით შემოსავლებისგან კი რჩება სახსრების „თავისუფალი ნარჩენი“, რომელიც შეიძლება დაიხარჯოს ოჯახის წევრთა პირად საჭიროებებსა და მოთხოვნილებებზე. ცნობილია, რომ მოთხოვნილებები და ხარჯები შემოსავლების პარალელურად იზრდება.

მოხმარების სტრუქტურა დიდად არის დამოკიდებული მის შემოსავლებზე. ოჯახის შემოსავალი უნდა აკმაყოფილებდეს ისეთ მოთხოვნებს, როგორიცაა: სასურსათო ნაკრების, წამლების, სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებების შეძენა; ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გამოცვლა; ხანგრძლივი მოხმარების საქონლის შეძენა; ოჯახის წევრების დასვენება და გართობა და ა.შ.

იმის გასაგებად, თუ რესპონდენტთა ოჯახებში რა დონეზე ხდება ოჯახის წევრთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, მივმართეთ თვითშეფასების მეთოდს. რესპონდენტებს ვთხოვეთ შეეფასებინათ ოჯახის მთლიანი შემოსავალით როგორ ხდება მათი ოჯახის წევრების მოთხოვნილებების უზრუნველყოფა. მათი შეფასებების მიხედვით აღმოჩნდა, რომ მხოლოდ მცირე ნაწილის შემთხვევაში ხდება ოჯახთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილება (12,9%) თავისუფლად ან საკმარისად. 

უზრუნველყოფს

მამაკაცი

ქალი

სულ

თავისუფლად

4,4

3,0

3,6

საკმარისად

9,7

9,0

9,3

მეტ-ნაკლებად

41,3

47,7

44,8

ვერ უზრუნველყოფს

44,6

40,3

42,3

ცხრილი 3. რესპონდენტთა შეფასებები მათი ოჯახის წევრების მოთხოვნილებების უზრუნველყოფის შესახებ ოჯახის მთლიანი შემოსავლებით (%).

ის რესპონდენტები, რომლებმაც აღნიშნეს, რომ მათი შემოსავლები ვერ უზრუნველყოფს ოჯახის წევრების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, თითქმის 3,3-ჯერ აღემატება იმათ რიცხვს, ვის ოჯახშიც მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ხდება.

ოჯახში ფინანსური ურთიერთობებისა და ბიუჯეტის კულტურის მიხედვით ყალიბდება „ოჯახის კლიმატის“ ესა თუ ის ტიპი, რომელიც განსაზღვრავს ქორწინების სიმყარეს, მის კეთილდღეობას და ცოლქმრული ცხოვრებით კმაყოფილებას. ქორწინებით კმაყოფილება ოჯახის სტაბილურობის ფსიქოლოგიურ ფაქტორს წარმოადგენს. ცოლ-ქმრული წარმატების განსხვავებული კრიტერიუმები არსებობს. ერთ-ერთის მიხედვით ის ფასდება: პირველი, პირადი ბედნიერების მიღწევით, რომელიც მოიცავს მეუღლეების სრულ შეგუებას ერთმანეთთან; პიროვნების ჰარმონიზაციას; ემოციურ წონასწორობას და გრძნობად დაკმაყოფილებას და, მეორე, ცოლ-მრული ამოცანების შესრულებით, რომელშიც იგულისხმება: შვილების ყოლა და მათი სრულფასოვან პიროვნებებად აღზრდა; ეკონომიკური წარმატების მიღწევა - ქონების დაგროვება; მეუღლეების სრული მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ამერიკელი სოციოლოგების ლუისისა და სპენსერის მიერ მოწოდებული წარმატებული ქორწინების მოდელი  სამ ბლოკს მოიცავს: ქორწინებამდელი ფაქტორები; სოციალური და ეკონომიკური ფაქტორები, პიროვნული და ქორწინების შიგა ფაქტორები [მენაბდიშვილი ლ., 2018. 59-60]. წარმატებული ქორწინების რომელი მოდელიც არ უნდა დავახასიათოთ, გვერდს ვერ ავუვლით ოჯახური ურთიერთობისათვის აუცილებელ ცოლ-ქმრული წყვილის მოთხოვნილებათა და ინდივიდუალურ მოთხოვნილებათა თანხვედრას. თუ ასეთი თანხვედრა არ არის ოჯახში აუცილებლად წარმოიშობა უთანხმოება და კონფლიქტი. მეუღლეებს შორის კონფლიქტის მიზეზებს წარმოადგენს არა ფული და მისი ოდენობა, არამედ განსხვავებული შეხედულებები მის გამოყენებაზე; ან ერთ-ერთი მეუღლის მხრიდან ერთპიროვნული ხაზინადარობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახის ბიუჯეტის ხარჯვის საკითხები, საიდანაც ყველაზე ხშირად აღმოცენდება ხოლმე სოციალურ-ფსიქოლოგიური ხასიათის ურთიერთობები. ე.წ. „ფინანსური ბრძოლები“ ხშირ შემთხვევაში ხდება არა მხოლოდ ცოლ-ქმარს შორის, არამედ მშობლებსა და შვილებს, ახალგაზრდა ოჯახის მშობლებს შორის.

მეუღლეთა შორის უკმაყოფილების გამომწვევ უმთავრეს მიზეზებს შორის რესპონდენტებმა მეორე ადგილზე დაასახელეს ეკონომიკური საკითხები. როგორც მამაკაცების ისე ქალების მეოთხედი აღნიშნავს, რომ მათ ოჯახში უკმაყოფილებას ეკონომიკური სკითხები იწვევს. როგორც წინა წლებში ჩატარებულმა სოციოლოგიურ გამოკვლევებთან შედარებამ აჩვენა, რესპონდენტები ისეთი მაღლი სიხშირით აღარ ასახელებენ ოჯახში უკმაყოფილების უმთავრეს მიზეზად მძიმე ეკონომიკურ პირობებს. გასული საუკუნის მიწურულთან შედარებით ეს მაჩვენებელი შემცირებულია 2,6-ჯერ. მაგრამ ეს არ იძლევა სიმშვიდის უფლებას, რადგან უნდა აღინიშნოს ისიც, რომ განქორწინების მიზეზებში ყველაზე მეტად (49,5%) სახელდება მატერიალური მდგომარეობა. 

დასკვნა

-    ოჯახის მთლიანი შემოსავალი მხოლოდ ოჯახის მცირე ნაწილში ახდენს მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას თავისუფლად ან სრულად, ხოლო მათი რიცხვი, ვინც უკმაყოფილოა ოჯახის შემოსავლებით, 6,7-ჯერ აღემატება კმაყოფილთა რაოდენობას.

-    ოჯახთა მნიშვნელოვან ნაწილში მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობა გავლენას ახდენს ოჯახის წევრთა ემოციურ მხარეზე, რის გამოც ოჯახში ადგილი აქვს უთანხმოებას და კონფლიქტს.

-    შემოსავლების სიმცირის გამო ახალგაზრდა ოჯახები, მიუხედავად სურვილისა, ვერ ახერხებს მშობლებისაგან დამოუკიდებლად ცხოვრებას. ფინანსური დამოკიდებულება მშობლებზე ხშირ შემთხვევაში უფლებრივ დამოუკიდებლობას განსაზღვრავს.

-    ახალგაზდა რესპონდენტთა არცთუ მცირე ნაწილი იძულებილია გადაავადოს დაოჯახება ფინანსური და სამსახურებრივი მდგომარეობის, ასევე საბინაო პირობების გამო.

-    დასაოჯახებელი მამაკაცების ფინანსური სიმწირე და გასათხოვარი ქალების მოლოდინი, ოჯახის შექმნის შემდეგ გაიუმჯობესოს ფინანსური მდგომარეობა, წინააღმდეგობაში მოდის.

-    მიუხედავად იმისა, რომ წინა პერიოდთან შედარებით შემცირდა ოჯახის წევრთა შორის უკმაყოფილების გამომწვევი ეკონომიკური მდგომარეობის მაჩენებელი, ეს მაინც არ იძლევა სიმშვიდის უფლებას, მაგრამ დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთების უფლებას გვაძლევს. ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის აღმავლობა დადებით ასახვას პოვებს ოჯახზეც. თუმცა ამ მხრივ კვლავ ბევრია გასაკეთებელი.

 გამოყენებული ლიტერატურა

  1. ე. მენაბდიშვილი. ოჯახის ტრადიციული ტიპიდან თანამედროვე დემოკრატიულ მოდელზე გადასვლა, დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტი, შრომების კრებული. თბ., 2014. გვ. 121.
  2. ლ. მენაბდიშვილი, ოჯახის მენეჯმენტი. თბ., 2018. 59-60.
  3. Егорова Н. Ю. С.Д.; Боброва В.А. Менеджмент в домашнем хозяистве. //http//lib.sale/
  4. Зидер Райхард. Социальная история семьи в Западной и Центральной Европе (конец XVIII – XX веков). М., 1997, 270-271.